ისტორია არ არის მხოლოდ წარსულის ამბავი — ეს არის ჩვენი ფესვები, ჩვენი იდენტობა და ის საყრდენი, რაზეც მომავალს ვაშენებთ. ამ გვერდზე გაეცნობით აბაშის უძველეს და მრავალფეროვან ისტორიას — პერიოდს, როდესაც ეს მიწა სხვადასხვა სამთავროსა და სამეფოს ნაწილი იყო, გადალახა გამოწვევები, შექმნა კულტურული მემკვიდრეობა და შეინარჩუნა უნიკალური სული.
აბაშა არაერთი გზით აღმოჩნდა ისტორიის ეპიცენტრში — იქნება ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის, მნიშვნელოვანი ეკონომიკური გზაჯვარედინი, თუ კულტურისა და განათლების განვითარების კერა. ჩვენი მიზანია, მკითხველს მივაწვდოთ სანდო, საინტერესო და წვდომადი ინფორმაცია აბაშის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, თაობიდან თაობამდე გადასაცემად.
ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია — წარსულის კვალდაკვალ სვლით ვეცდებით უკეთ შევიგრძნოთ ჩვენი ფესვები და გავაძლიეროთ მომავალი თაობის შეგნება.
სიტყვა აბაშა არაბულიდან მომდინარეობს, ლეგენდის თანახმად არაბებს მდინარის გადალახვა სურდათ, მაგრამ ის ადიდებულა და ერთმანეთს უყვიროდნენ „აბა - შა“, ე. ი. უკან დავიხიოთო. „ქართლის ცხოვრებაში“ მემატიანე ჯუანშერის ცნობის მიხედვით VIII საუკუნეში მურვან ყრუს ლაშქარში მყოფი 23 000 ეთიოპიური წარმოშობის აბისინიელი (აბაშელი, აბისინია—აბაშეთი) ქვეითი ერთმა ადიდებულმა მდინარემ დაახრჩო, ხოლო მეორე მდინარემ კი წაიღო 35 000 ცხენი. ამის გამო ერთ მდინარეს აბაშა, მეორეს კი ცხენისწყალი ეწოდა.
აბაშის შესახებ ცნობები „ქართლის ცხოვრებაში“ გვხვდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძველესი ნამოსახლარ-ნაქალაქარის კვალია ნაპოვნი. სოფელ კეთილარშია
წოდებული ნაქალაქარი, სადაც ანტიკური ხანის ჭურჭლის ფრაგმენტები, ქვის გალავნის ნაშთი, კულტურული ფენის სამაროვანი ქვევრ-სამარხები და სხვა არტეფაქტები აღმოაჩინეს.
გათხრები გვაჩვენებს, რომ ეს ადგილები მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დასახლებული კოლხური მოსახლეობით, რომელიც აქტიურ ეკონომიკურ ურთიერთობებში იყო ანტიკურ ქვეყნებთან, ჰქონდა საკუთარი მონეტები, შესანიშნავი ქალაქები და სოფლები, მაღალ დონეზე მდგარი სამეურნეო და კულტურული ცხოვრება.
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების არაერთი საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლი.
აღსანიშნავია კადარის ერთნავიანი ეკლესია (XIV ს.), სეფიეთის სამნავიანი ბაზილიკა (V–VI სს.), ტყვირის მაცხოვრისა (XIV–XV სს.) და სუჯუნის წმ. გიორგის (XVII ს.) გუმბათიანი ეკლესიები.
აბაშაშია, აგრეთვე, ცნობილი ადამიანების სახლ-მუზეუმები, როგორებიცაა : კონსტანტინე და ზვიად გამსახურდია, სიმონ ჩიქოვანი, სერგი მაკალათია, აკაკი ხოშტარია და ა.შ.
აბაშაში ბევრი სიურპრიზი ელით ბუნებაში მოგზაურეობის მოყვარულებს. ამ მხრივ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს „წყემის ნაკრძალი“ და „კაცობურის აღკვეთილი.“